Georgian Audio-DVD Digital Online Catalog


Jansug Kaxidze (Disk I)

$7.99

დაიბადა 1935 წლის 26 მაისს ქ.თბილისში. მუსიკის სწავლა დაიწყო 13 წლის ასაკში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო?სადირიჟორო ფაკულტეტი, ხოლო 1963 წელს კი ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა საოპერო და სიმფონიური დირიჟორობის სპეციალობით.

ჯ. კახიძის შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში. 1955-57 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირიჟორი. 1957 წელს მან ჩამოაყალიბა ფოლკლორული ანსამბლი "შვიდკაცა", რომელიც იმავე წელს გახდა მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი, ხოლო 1958 წელს კი ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა ბრიუსელში გამართულ მსოფლიო გამოფენაზე, საიდანაც ასევე ოქროს მედლით დაჯილდოვებული დაბრუნდა.

1957-62 წლებში ჯ. კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1962-71 წლებში იგი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რიგითი, ხოლო 1965-68 წლებში კი მთავარი დირიჟორი იყო. 1971-73 წლებში მუშაობდა პოლონეთის ქ. ლოძისა და ვარშავის საოპერო თეატრებში, სადაც მან განახორციელა რამდენიმე საოპერო და საბალეტო დადგმა. აღსანიშნავია, რომ მისი თაოსნობით ქართული ოპერა პირველად დაიდგა საზღვარგარეთ - ეს იყო ზ. ფალიაშვილის "აბესალომი და ეთერი".

საქართველოში დაბრუნების შემდეგ 1973 წელს იგი გახდა საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ამ კოლექტივში მისი მოღვაწეობის 20 წლის მანძილზე ორკესტრმა საგრძნობლად აიმაღლა საშემსრულებლო დონე, რის შედეგადაც არაერთხელ იმოგზაურა გასტროლებით სსრკ, სხვადასხვა ქალაქებსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და ყველგან დიდი მოწონება დაიმსახურა.

1993 წელს ჯ. კახიძემ ჩამოაყალიბა ახალი  "თბილისის სიმფონიური ორკესტრი", რომელსაც იგი გარდაცვალებამდე (2002) ხელმძღვანელობდა. ამ ორკესტრმა განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია, ბევრჯერ იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში და ყველგან დაიმსახურა მაღალპროფესიული, ევროპული დონის ორკესტრის შეფასება. განსაკუთრებით აღსანიშნავია ორკესტრის თანამშრომლობა ცნობილ უცხოურ ხმისჩამწერ კომპანიებთან, რომელთა დაკვეთით ამ წლების განმავლობაში ჩაიწერა მსოფლიო მუსიკალური კლასიკის 150-ზე მეტი ნაწარმოები.

1982-2002 წლებში ჯ. კახიძე სათავეში ედგა აგრეთვე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა არაერთი ახალი დადგმა, მათ შორის ისეთი ოპერებისა, რომლებიც საქართველოში მანამდე არ შესრულებულა. თეატრის გასტროლებმა მოსკოვის დიდ თეატრში, გერმანიაში პროკოფიევის ფესტივალზე, ვერდის ფესტივალზე იტალიის ქ. ბუსეტოში და მალტაზე დიდი წარმატებით ჩაიარა.

1989 წელს ჯ. კახიძის ინიციატივით და ძალისხმევით თბილისში გაიხსნა სიმფონიური მუსიკის ახალი დარბაზი. ამ დარბაზის ბაზაზე ჩამოყალიბდა თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი, რომელიც გვევლინება საკონცერტო ცხოვრების ერთ?ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კერად. ჯ. კახიძე ამ ცენტრის პრეზიდენტი გახლდათ გარდაცვალების დღემდე. 1993 წელს მისი თაოსნობით დაარსდა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი", რომელიც აერთიანებს კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და ფოლკლორის კონცერტებს. ყოველწლიურად მისი სტუმრები არიან მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები. ფესტივალმა მოიპოვა დიდი პოპულარობა და მიჩნეულია ერთ-ერთმაღალმხატვრულ მოვლენად საქართველოს მუსიკალურ ცხოვრებაში.

2000 წელს ჯანსუღ კახიძემ ხორცი შეასხა თავის დიდი ხნის ოცნებას და თბილისში მუსიკალური ცენტრის ბაზაზე ჩამოაყალიბა პირველი პროფესიული ვაჟთა გუნდი, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული კლასიკური საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებაში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ჯ. კახიძის, როგორც დირიჟორის მოღვაწება საქართველოს ფარგლებს გარეთ. 1971 წლიდან მან გამართა გასტროლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. იგი გამოდიოდა ცნობილ სიმფონიურ ორკესტრებთან მათ შორის: ბოსტონის, ვაშინგტონის ნაციონალური, სან დიეგოს, დალასის, მელბურნის, სიდნეის, ლონდონის ფილარმონიის, პარიზის, ლიონის, საფრანგეთის ნაციონალური, ბავარიის რადიო, ლასკალას, შოტლანდიის ნაციონალური სამეფო, წმინდა სესილის მუსიკალური აკადემიის ორკესტრები და მრავალი სხვა. მისი სადირიჟორო ჯოხი დაცულია იტალიის ქალაქ ბუსეტოს ვერდის მუზეუმში არტურო ტოსკანინის ჯოხთან ერთად.

მასთან თანამშრომლობდნენ მსოფლიოს უდიდესი მუსიკოსები: როსტროპოვიჩი, ბაშმეტი, კრემერი, გუტმანი, სპოვაკოვი, ტრეტიაკოვი, რეპინი, ვენგეროვი, მაისკი, პოგორელიჩი, პლეტნიოვი, ლეონსკაია, ფრეირი, გარბარეკი, ლეგრანი, ვირსალაძე, ჰოფმანი, თორაძე, კორსანტია, ისაკაძე, სოტკილავა, ქასრაშვილი და კიდევ მრავალი სხვა.

1977 წელს ჯანსუღ კახიძე დააჯილდოვეს შ.რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიით. 1978 წელს მას მიენიჭა საქართველოს, ხოლო 1985 წელს კი სსრკ-ს სახალხო არტისტის წოდებით.

ჯ.კახიძე გარდაიცვალა თბილისში 2002 წლის 7 მარტს. მისი გარდაცვალების შემდეგ თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს და მიმდებარე ბაღს ჯანსულ კახიძის სახელი ეწოდა.

ჯანსუღ კახიძის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილის უჭირავს მის მოღავწეობას კინოსა და თეატრში, გასული საუკუნის 60-90-იანი წლები სამართლიანად არის მიჩნეული ქართული კინოს აღმავლობის ხანად. ამ პერიოდში, ქართველი კინორეჟისორების მიერ შექმნილმა მაღალპროფესიულმა და თვითმყოფადმა ფილმებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს, არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი დაიმსახურეს და საქვეყნოდ დაუთქვეს სახელი ქართულ კინოს. თითქმის არ არსებობს ამ წლების განმავლობაში საქართველოში გადაღებული ფილმი, რომლის მუსიკის ჩაწერასაც არ უდირიჟორა ჯანსუღ კახიძემ. ასევე ვრცელია ჩამონათვალი იმ ფილმებისა, რომლებშიც ჯ. კახიძე გვევლინება როგორც მომღერალი. საერთოდ უნდა ითქვას, რომ სიმღერას განსაკუთრებული ადგილი ეკავა მის ცხოვრებაში და დიდი გავლენა მოახდინა მისი, როგორც მრავალმხრივი მუსიკის ჩამოყალიბების პროცესზე.

აი რას იხსენებს გამოჩენილი ქართველი ფოლკლორისტი, ანსამბლ "რუსთავის" დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.

ჯანსუღ კახიძე - ღვთაებრივი ნიჭით მირონცხებული მუსიკოსი. მთელ მსოფლიოში აღიარებული დირიჟორი, სიმღერის უბადლო შემსრულებელი გახლდათ. ხალხური სიმღერა მას გენეტიკურად დაჰყვა. მისი მშობლები წარმოშობით მომღერალათა ოჯახებიდან იყვნენ. კახიძეების ოჯახში ხშირად თავს იყრიდნენ იმ პერიოდის საუკეთესო მომღერლები, ჯანსული ყურადღებით უსმენდა მათ ნამღერს და პატარაობიდანვე შეითავისა ხალხური სიმღერის მადლი. შემდგომში ამან დიდი ზეგავლენა იქონია მისი, როგორც მუსიკოსის ჩამოყალიბებაზე. სრულიად ახალგაზრდამ შექმნა ანსამბლი "შვიდკაცა". ამ ანსამბლმა მოსკოვში, მოფლიოს სტუდენტთა და ახალგაზრდობის ფესტივალზე ლაურეატის წოდება და ოქროს მედლები დაიმსახურა. "შვიდკაცა"-მ პირველმა გაუკაფა გზა ქართულ ხალხურ სიმღერას უცხოეთში. ამ ანსამბლმა პირველად გამოაჩინა ჯანსუღ კახიძის როგორც ლოტბარისა და მომღერლის ნიჭი. მან "შვიდკაცა"-ს რეპერტუარში შეიტანა სხვადასხვა კუთხის უნიკალური სიმღერები და თვითონ როგორც მომღერალი შესანიშნავად ასრულებდა სოლო პარტიებს. ჯანსუღი ფლობდა ამა თუ იმ კუთხისთვის დამახასიათებელ სასიმღერო მანერას, რაც მეტად რთული გახლდათ. გარდა ამისა თავისი ხმის განუსაზღვრელი დიაპაზონის წყალობით მას თავისუფლად შეეძლო როგორც "კრიმანჭული"-ს, ასევე ბანის პარტიების შესრულება.

ქართული ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი იმპროვიზაციულობა საყოველთაოდ ცნობილია. ჯანსუღი ამ სფეროშიც სამაგალითო იყო. მას იმპროვიზასიის ამოუწურავი შესაძლებლობები გააჩნდა. მე არაერთხელ მიმღერია მასთან. სიმღერის დროს იმპროვიზაციის ისეთ კორიანტელს დააყენებდა, ისეთ ვარიანტებს მოიგონებდა, რომ თუ პარტნიორი გამოცდილი არ იყო, იგი აუცილებლად აცდებოდა ტონალობას. იგი ვარიანტს ორჯერ ერთნაირად არ გაიმეორებდა. მასთან სიმღერა ძნელი იყო, რადგაც არავინ იცოდა რას შემოგვთავაზებდათ. ხოლო თუ პარტნიორი საინტერესო ვარიანტს იმღერებდა, უნდა გენახათ მყისვე რა დიდი ოსტატობით შეუწყობდა ხმას და მოუგვირისტებდა მელოდიას. ჯანსუღთან სიმღერა ერთი სიამოვნება იყო.

ჩემი აზრით ჯანსუღ კახიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ესტრადის წარმატებაში. ვფიქრობ, რომ მის მიერ არჩეული გზა სწორი იყო, ვინაიდან იგი იყო ეროვნული და თვითმყოფადი. ჯანსუღი შესანიშნავ სიმღერებს წერდა. ეს სიმღერები ქართული ესტრადის მშვენება გახდა. იგი ხალხმა შეიყვარა და გაითავისა. ამაზე დიდი აღიარება წარმოუდგენელია. თავის სიმღერებში ჯანსუღი ოსტატურად იყენებდა ხალხურ ინტონაციებს, რომელსაც ესტრადისთვის მანამდე არნახული ფუნქცია მოუნახა. სამაგალითოდ გამოდგება თუნდაც "კრიმანჭული". ეს უნიკალური ხმა მან ჩასვა ამავე დასახელების სიმღერაში და აიყვანა იგი უმაღლეს პროფესიულ დონეზე. ამ სიმღერამ მას დიდი აღიარება მოუპოვა. რომელი ერთი სიმღერა დავასახელო.

აუდიოჩანაწერი ერთადერთი ვარიანტია, რომელიც მომღერალმა ჩაწერის დროს შეასრულა, რა ვუყოთ იმ უამრავ ვარიანტებს, რომელსაც ჯანსუღი არასდროს გაიმეორებდა, მიუხედავად ამისა, მისი ხმა, მისი განუმეორებელი საშემსრულებლო მანერა სამაგალითოდ დარჩება მომავალ თაობებს და წარმოდგენას შეუქმნის უნიჭიერესი მუსიკოსის, იშვიათი მომღერლის ? ჯანსუღ კახიძის სასიმღერო შემოქმედებაზე.

ჯანსუღ კახიძემ მუსიკის წერა 50-იან წლებში დაიწყო. ალბათ ხმის ფენომენისადმი მისმა განსაკუთრებულმა დამოკიდებულებამ, შეუზღუდავმა ვოკალურმა მონაცემებმა და იმპროვიზაციის ამოუწურავმა ნიჭმა განაპირობა ის, რომ საკომპოზიტორო შემოქმედებაში მან პრიორიტეტი მიანიჭა ერთის მხრივ სასიმღერო ჟანრს, ხოლო მეორეს მხრივ საგუნდო მუსიკას. თავდაპირველად იქმნებოდა სიმღერები და რომანსები, შემდეგ საგუნდო ნაწარმოებები, ამას მოჰყვა სხვადასხვა თეატრებში არაერთი სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, მაგრამ მისი როგორც კომპოზიტორის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი კინომ ითამაშა. 70-იანი წლებიდან მოყოლებული იგი ბევრი კონორეჟისორის მიერ იქნა მიწვეული როგორც კომპოზიტორი, რის შედეგადაც მან 40-ზე მეტი ფილმისათვის დაწერა მუსიკა. სწორედ ამ ფილმებიდანაა მის მიერ შექმნილი 100-მდე სიმღერის უმრავლესობა, რომლებმაც ავტორს მოუტანეს საკომპოზიტორო აღიარება და დიდი პოპულარობა. ეს სიმღერები ხშირად სრულდება საკონცერტო ესტრადაზე და რაც კომპოზიტორისათვის ყველაზე საამაყოა - ხალხში.

ჯანსუღ კახიძე თავის თავს უპირველეს ყოვლისა დირიჟორად თვლიდა. როგორც თვითონ ხშირად ამბობდა მუსიკის წერა მისთვის "ჰობი" იყო. საბედნიეროს, მის სიცოცხლეშივე ნათლად გამოჩნდა, რომ მისი თქმით "გართობის", სინამდვილეში კი ურთულესი შემოქმედებითი ძიების პროცესისა და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობის შერწყმის შედეგად მან მიაღწია კომპოზიტორტისათვის მთავარს - თვითმყოფადობას, იპოვნა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ენა და გამომსახველობითი საშუალებები. გამორიცხულია, რომ ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ჯ. კახიძის ნაწარმოებები, შემდგომში ვერ ამოიცნოს მისი გამორჩეული საკომპოზიტორო ხელწერა.

ახლა კი წარმოგიდგენთ ჯანსუღ კახიძის საკომპოზიტორო და სასიმღერო შემოქმედებისადმი მიძღვნილ ორ კომპაქტდისკიან ალბომს "მრავალჟამიერ", რომელიც აერთიანებს 1957-2002 წლების განმავლობაში მის მიერ დაწერილ და ნამღერ 51 ნაწარმოებს.

Исполнитель: Jansug Kaxidze / ჯანსუღ კახიძე
Альбом: კოლექცია (დისკი 1)
Жанр: Классика (Classic)
Формат: CD
Язык: Грузинский
Композиций: 29

Содержание:


1. Marshi / მარში
2. Zhuzhuna cvima / ჟუჟუნა წვიმა
3. Gazafxuli / გაზაფხული
4. Saxumaro / სახუმარო
5. Krimanchuli / კრიმანჭული
6. Mogonebani / მოგონებანი
7. Shori gzidan momavalo / შორი გზიდან მომავალო
8. Deli dela / დელი დილა
9. Cinckaro / წინწყარო
10. Sikvaruli dznelia / სიძვარული ძნელია
11. Chonguri / ჩონგური
12. Batumi / ბათუმი
13. Gamoaget fanjara / გამოაღეთ ფანჯარა
14. Vina stkva / ვინა სთქვა
15. Saarshiko / საარშიკო
16. Stkvi ras fiqrob / სთქვი რას ფიქრობ
17. Utopo karauli / უთოფო კარაული
18. Mova maisi / მოვა მაისი
19. Tmashi chagara shemomeria / თმაში წაღარა შემომერია
20. Kvekana chalad ara girs / ქვეყანა ჩალად არა ღირს
21. Urmuli / ურმული
22. Chanamgeri / ყანამღერი
23. Sagigino / საღიღინო
24. Mgzavruli / მგზავრული
25. Ogond shentan mamkopina / ოღონდ შენთან მამყოფნა
26. Gmerto samshoblo mimkopne / ღმერთო სამშობლო მიმყოფე
27. Sazamtro / საზამთრო
28. Lirikuli dueti / ლირიული დუეტი
29. Sherekilebi / შერეკილები

Add to Cart:

  • Model: Audio CD
  • Artist: Jansug Kaxidze
  • Music Genre: Classical





This product was added to our catalog on Friday 11 January, 2013.

Your IP Address is: 3.215.190.193
Copyright © 2022 Georgian Audio DVD Online Catalog. Powered by Ramaz Geguchadze